2020 წლის ეროვნული ლიგის პირველ ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ელიტაში გადასულ თბილისის მერანს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მოულოდნელად ქულები დაკარგა, მატჩის მიწურულს კი ტრავმა ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოვინომ მიიღო, მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, მასპინძელი და სტუმარი გუნდების ფეხბურთელებს კი შავი სამკლაურები ეკეთათ და მოედანზე სპეციალური მაისურებით იყვნენ გამოსული. ამის მიზეზი დინამო ბათუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჯონი ბაკურიძის გარდაცვალებაა.
კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ანგისას საფეხბურთო ბაზასა და დინამო ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა.
პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო.
75-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, კარში მამუჩაშვილმა დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ ბურთი მოიგერია. 79-ე წუთზე თევდორაძემ გაფრინდაშვილის შორეული დარტყმაც მოიგერია.
მალე ჯოვინომ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და ვინაიდან გია გეგუჩაძეს უკვე სამივე შეცვლა განხორციელებული ქონდა დინამო ბათუმი მოედანზე თამაშის ბოლომდე 10 კაცით დარჩა.
თუმცა დინამოს ყველაზე აშკარა მომენტი ამის შემდეგ ჰქონდა – 83-ე წუთზე სტუმართა შეცდომას, საბანიძის მეკარესთან პირისპირ გასვლა მოყვა, მერანის გოლკიპერმა თევდორაძემ სუფთად ითამაშა და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.
დინამო ბათუმი 0:0 მერანი თბ
დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ცინცაძე (70. მანჯგალაძე) – ვაგნერ გონსალვეში (77. გაფრინდაშვილი), ჯოვინო, ჯიღაური – დვალიშვილი (65. საბანაძე)
მერანი (4-2-3-1): თევდორაძე – კახელიშვილი, ფოფხაძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი – დათუნაიშვილი, ვასაძე – გეწაძე (63. ნიქაბაძე), გაბისკირია (95. ჩიქოვანი), დეისაძე – მახარობლიძე (74. ფიფია)