კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მესამე ტურის შეხვედრებით განახლდა.დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა. ერთმანეთს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ეროვნული ლიგის დებიუტანტი დაუპირისპირდნენ. ფავორიტად დინამო ბათუმი იყო მიჩნეული, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც დინამომ ანგარიში გახსნა, თავი კი ზუსტი დარტყმით ტრავმის შემეგ მინდორზე დაბრუნებულმა ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გია გეგუჩაძის გუნდი პირველ სამ ქულას მოიპოვებდა, მაგრამ თამაში სხვა სცენარით განვითარდა. მეორე ნახევარის დაწყებიდან 8 წუთში ლაშა კოხრეძემ წონასწორობა აღადგინა და მერე ანგარიში აღარც შეცვლილა – 1:1.

ბათუმელები ცდილობდნენ გამარჯვების მოპოვებას, თავის გამოჩენა ვლადიმერ დვალიშვილს შეეძლო თუმცა დინამოს შემტევს ორ ეპიზოდში სიზუსტე დააკლდა. ერთხელ ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაარტყა სახიფათოდ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა.

დინამო ბათუმისთვის ეს ამ სეზონში მესამე მატჩი და მესამე ფრე გახლდათ. შედეგად, გია გეგუჩაძის გუნდს მხოლოდ 3 ქულა აქვს.

📺 მატჩის მიმოხილვა:

დინამო ბათუმი 1:1 თელავი

გოლები: 1:0 ჯოვინო (1), 1:1 კოხრეიძე (53).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ცინცაძე (79. ტეიდი) – გაფრინდაშვილი (46. მანჯგალაძე), ჯოვინო, ჯიღაური – დვალიშვილი (63. ნიქაბაძე).

თელავი (5-3-2): გოშაძე – ჩაბრაძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჩუკვურა – ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი (75. ვარშანიძე), რუხაძე (86. ბაშელეიშვილი) – კოხრეიძე, კვასოვი (60. სამუშია).