ისტორია

საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ შექმნის თარიღად 1923 წელი ითვლება, თუმცა ფეხბურთის თამაში ბათუმში გაცილებით ადრე დაიწყეს.

პირველი საფეხბურთო გუნდი ბათუმში – „ხოლოდნოსლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისათვის ბათუმში ათამდე ორგანიზებული და ბევრი „ველური“ გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩისკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვა.

1921 წელს ბათუმში შემდეგი გუნდები შეიქმნა – ‘’მეზღვაური’’, ‘’წითელი რაინდი’’, კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი ‘’კსმ’’-ი, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი ‘’ბდპო’’ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა. სწორედ ამ გუნდის ბაზაზე დაარსდა მოგვიანებით საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი.  

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. „ბდპო“-მ არა ერთხელ სძლია საზღვარგარეთული გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. უკანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია დაესწრო – ხუთი ათასი მაყურებელი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

1925 წელს, ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7:1 გაიმარჯვეს მეორე კი 1:2 დათმეს.

1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2:1, სოხუმელები 3:0) დაამარცხეს მეტოქეები. ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა.ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.

1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი, თბილისის ნაკრების შემდეგ. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, ბათუმში ფეხბურთის პოპულარუბამ იკლო, აღმასვლა კი 30-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრკ თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში „დინამო თბილისთან“ დამარცხდა. ამავე წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა – პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში „ბურევესტნიკმა“. 1938 წელს გუნდმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

ასევე 1936 წელს „დინამომ“ ახლად დაარსებული კონსტიტუციის თასი მოიპოვა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს – 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმის „დინამოს“ 5:2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება. ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.

1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის „დინამოელები“ სსრკ პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. შიდა პირველობაში ბათუმური კლუბი მე-5 ზე გავიდა.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა „დინამო თბილისი“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრკ-ის თასის გათამაშებაში „დინამოელები“ 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა. ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.

1960 იან წლებში დინამო ბათუმი მოკავშირე რესპუბლიკების ბ კლასის პირველობაზე გამოდიოდა. 1963 და 1964 წლებში დინამოელებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს. მომდევნო წლებში ბათუმური გუნდი  ა კლასის მეორე ლიგაში გამოდიოდა და მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა.

1974 წელს დინამო ა კლასის მეორე ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ პირველ ლიგაში გადასვლა ვერ შეძლო. ამის გაკეთება დინამოელებმა მოგვიანებით 1983 წლის 12 ნოემბერს შეძლეს, ბათუმურმა კლუბმა შინ სამარის “კრილია – სოვეტოვი” 2:0 დაამარცხა და დინამო ბათუმი  საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გადავიდა.

1990-იან წლებში, მას შემდეგ რაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლდა და დამოუკიდებლობის გზა აირჩია დინამომ არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებული პერიოდი დაუდგა. 1990 წელს კლუბს სახელი შეეცვალა და ს.კ. ბათუმი ეწოდა, თუმცა 1994 წელს კლუბს პირვანდელი სახელი დინამო ბათუმი დაუბრუნდა.

1994-95 წლების სეზონში დინამოელებმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და თბილისის დინამოსთან განცდილი მარცხის მიუხედავად გუნდმა არსებობის მანძლზე პირველად ითამაშა ევროტურნირზე.  

თასების მფლობელთა თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმელებმა იუგოსლავიურ „ობილიჩს“ სტუმრად 0:1 მოუგეს. საშინაო მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე დინამო გლაზგოს სელტიკს დაუპირისპირდა, ბათუმში მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაც ასევე სელტიკის გამარჯვებით 4:0 მორჩა.

1996-97 წლების სეზონში დინამო ბათუმმა უმაღლესი ლიგა მესამე პოზიციაზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე ბათუმელებმა ფარერის კუნძულების წარმომადგენელ ჰაფნაფიორდურს ორი მატჩის ჯამში 9:0 მოუგეს, მეორე ეტაპზე კი ჰოლანდიურ პსვ ეინდჰოვენთან  სტუმრად განცდილი მარცხის (1:1) (3:0) შედეგად გამოეთიშნენ ტურნირს.

1993 წლიდან 1998 წლამდე დინამო ბათუმმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში 5 ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა დინამო თბილისის დამარცხება. 1998 წლის 26 მაისს ალექსანდრე კანთიძისა და დავით ჭიჭვეიშვილის გოლებით ბათუმელებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს და საქართველოს თასი დაისაკუთრეს. ამავე წელს ბათუმელმა ფეხბურთელებმა სუპერთასის ფინალშიც სძლიეს დედაქალაქურ დინამოს.

ევროსარბიელზე დინამოს მეტოქედ ერევნის არარატი ერგო და მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირელებმა ორივე მატჩი მოიგეს (4:2) (0:2) შემდეგ ეტაპზე მაინც სომხური გუნდი გავიდა, უეფამ ბათუმური გუნდი დისკვალიფიცირებული მოთამაშის განაცხადში შეყვანის გამო დასაჯა.

თასების მფლობელთა თასზე დინამოელებმა მომდევნო წელსაც იასპარეზეს, 1998 წლის აგვისტოში ბათუმურმა გუნდმა ბელგრადის პარტიზანის ბარიერი ვერ გადალახა. პირველი მატჩი სტუმრად პარტიზანის გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ბათუმში გამართულ საპასუხო შეხვედრა დინამომი თემურ ტუღუშის მიერ გატანილი ერთდერთი გოლით მოიგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომდევნო წლებში ბათუმში საფეხბურთო კრიზისი დაიწყო, 2006 წელს კლუბის სტადიონი გაიყიდა და ბათუმელთა და არა მარტო ბათუმელთა პროტესტის მიუხედავად დაინგრა და მის ადგილას სასტუმრო აშენდა. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა და 4 სეზონი რანგით დაბალ დივიზიონში გაატარა. უმაღლესში დაბრუნება დინამომ 2012 წელს შეძლო, თუმცა მომდევნო სეზონი ბათუმელთათვის ისევ წარუმატებელი გამოდგა და დინამომ კიდევ ერთი წელი გაატარა პირველ ლიგაში.

2013-14 წლების სეზონი კლუბისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, დინამოელებმა უმაღლესში კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს და პირველივე წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. 2015–16 წლების უეფა-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო კვიპროსულ ომონიასთან ორმატჩიან დუელში დამარცხდა.  

2017 წელს ჩატარებულ გარდამავალ ჩემპიონატში ბათუმელებმა მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედლები თბილისის დინამოს დამარცხების შედეგად მოიპოვეს. ამავე წლის ზაფხულში გუნდმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა პოლონურ იაგელონიასთან წაგების შემდეგ დაასრულა, ასევე წარუმატებელი გამოდგა უკვე ეროვნულ ლიგად გარდაქმნილი საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც დინამომ მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი-აუტში განცდილი მარცხის შედეგად კიდევ ერთხელ დაქვეითდა რანგით დაბალ ლიგაში.

2018 წლიდან საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დინამომ საკუთარ კედლებში ითამაშა. 2018 წლის 1 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და კლუბს მმართველობაში გადაეცა ანგისის საფეხბურთო ბაზა, რომლის მშენებლობაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

დინამოელებმა ეროვნული ლიგა 2 ის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგაში დაბრუნდნენ. უკვე მომდევნო, 2019 წლის სეზონში ბათუმური გუნდი ჩემპიონობის რეალური პრეტენდეტი იყო, თუმცა საბოლოოდ ზღვისპირელები ვიცეჩემპიონობას დასჯერდნენ…