საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ 4 ფრით დაწყების შემდეგ, დინამო ბათუმმა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მეხუთე ტურის ერთ-ერთ მთავარ მატჩში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად 4:1 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება: მატჩის მე-15 და 25-ე წუთებზე ფლამარიონ ჯოვინომ დუბლი შეასრულა. დინამო ბათუმის ბრაზილიელმა ლიდერმა ჯერ ლევან გეგეჭკორის კარგი პასით გამოიყენა და მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო, 10 წუთის შემდეგ კი ლოკომოტივის მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

9 წუთში გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა სამამდე გაიზარდა: გიული მანჯგალაძის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, ლოკომოტივის მცველებმა დინამო ბათუმის ცენტრალური მცველი მალხაზ გაგოშიძე უყურადღებოდ დატოვეს და მანაც მამარდაშვილის კარში ბურთი თავით გადაგზავნა.

59-ე წუთზე ჭიაბრიშვილის გუნდმა სხვაობის შემცირება შეძლო: შეცვლაზე შესული კირკიტაძის პასის შემდეგ, სიხარულიძის დარტყმა ალავიძემ მოიგერია, მაგრამ ბათუმელ მცველებს ასევე შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დაასწრო და დაუცველ კარში გაიტანა – 1:3.

83-ე წუთზე ჯოვინოს შეეძლო ჰეთთრიკის შესრულება, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან მამარდაშვილმა მოიგერია. სამაგიეროდ, გაიტანა ჯიღაურმა – საქართველოს ნაკრების შემტევი გაფრინდაშვილის პასით ლოკოს მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი ასევე თავზე გადაუგდო. საბოლოოდ, 1:4.

📺 მატჩის მიმოხილვა

ლოკომოტივი 1:4 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯოვინო (15), 0:2 ჯოვინო (25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)

ლოკომოტივი (4-4-2): მამარდაშვილი – კაპანაძე, ჭანტურია, გურეშიძე, გაბაძე – სამურკასოვი (58. თ. კირკიტაძე), შონია, დარცმელია, ა. კობახიძე (51. დ. კირკიტაძე) – სიხარულიძე, არველაძე (53. გავაშელიშვილი).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – გეგეჭკორი, მ. კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (88. ჩალაძე) – მამუჩაშვილი, ტეიდი – ჯიღაური, ჯოვინო (85. დვალიშვილი), მანჯგალაძე – ნიქაბაძე (68. გაფრინდაშვილი).